თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილას შეეძლებათ.
“ზუსტად ერთი წლის წინ თბილისის მერიამ აამოქმედა რეგულაციები მიკროავტობუსებისთვის. ადრე მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ გაეჩერებინათ ყველგან. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩვენ, შარშან შევარჩიეთ 14 ცენტრალური ქუჩა და ისინი დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ მიკროავტობუსები. ამ ცვლილებებმა გაამართლა და შესაბამისად, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა“,- განაცხადა კალაძემ.