დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 26 მარტს პირველ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის ბიურომ სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მარტს მიიღო. როგორც ბიუროს მიერ მიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, ჯგუფში, გარდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისა, ასევე, შევლენ პარლამენტის სხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტში არსებული ფრაქციების თითო წარმომადგენელი, აგრეთვე, ის დეპუტატები, რომლებიც არცერთი ფრაქციის წევრები არ არიან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის 2 წარმომადგენელი.
გადაწყვეტილების თანახმად, სამუშაო ჯგუფი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც საქართველოს მთავრობას, პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, წარუდგენს.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, თუმცა, როგორც ზაზა გაბუნიამ განმარტა, მათ მხოლოდ მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ, საბოლოო გადაწყვეტილებას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით კი მხოლოდ სამუშაო ჯგუფში შემავალი დეპუტატები მიიღებენ.
“საპარლამენტო ჯგუფი შედგება საპარლამენტო სუბიექტებისგან, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ პროცესში კარი ფართოდ უნდა გავაღოთ საზოგადოებისთვის და უპირველესად, საბჭოს წევრებისთვის. ნებისმიერ რეფორმას სჭირდება საჯაროობა, გამჭვირვალობა, ღიაობა. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება საკონსულტაციო საბჭოს წევრები წარმოდგენილი იყვნენ ამ პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე, როგორც ამ სტრატეგიის განხილვისას პროცესის დამკვირვებლები”, – განაცხადა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ზაზა გაბუნიამ.
ბიუროს გადაწყვეტილებითვე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობაში მთავრობის წევრების მონაწილეობასაც. თუ სტრატეგიის არსებულ პროექტს გადავხედავთ, სავარაუდოდ, ამის საჭიროება არაერთხელ დადგება, ვინაიდან ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ისეთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მათ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქონების გადაცემაა. ამ საკითხზე მთავრობას მკაფიო პოზიცია ამ დრომდე არ მიუღია.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ვარაუდობს, რომ სამუშაო ჯგუფი განხილვებს შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულებს და რეკომენდაციებს მთავრობას გაზაფხულის ბოლომდე გადაუგზავნის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი პირობას დებს, რომ სტრატეგიას მთავრობა წლის პირველ ნახევარში დაამტკიცებს.