თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსმა“ ავტოპარკი 2018 წლიდან უნდა განაახლოს.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” ამის ვალდებულება კონტრაქტით გააჩნია. მისივე ინფორმაციით, კომპანიასა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2031 წელს ეწურება.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თბილისის მერია არ აპირებს ხისტი გადაწყვეტილება მიიღოს და კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს, რადგან მიკროავტობუსებს ქალაქში ყოველდღიურად მგზავრთა ძალიან დიდი რაოდენობა გადაყავს. დღიურად 400 000, ხოლო წელიწადში 220 მილიონი მგზავრი.
ლექვინაძე აცხადებს, რომ ამ რაოდენობის მგზავრების ტრანსპორტირებას კი, ქალაქში არსებული ავტობუსების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, ქალაქში ყოველდღიურად 1800 მიკროავტობუსი და 525 ავტობუსი მოძრაობს. მისივე თქმით, ქალაქში მიკროავტობუსები რომ არ მოძრაობდნენ, თბილისის მოსახლეობის გადასაყვანად ყოველდღიურად დაახლოებით 1500-1800 ავტობუსია საჭირო.
ლექვინაძე განმარტავს, რომ მერია გეგმავს ავტობუსების პარკის განახლება გააგრძელოს, უკეთესი სერვისი შესთავაზოს მგზავრებს და ამით მიკროავტობუსებიდან მგზავრები ავტობუსებში გადაიყვანოს.
მერიის ტრანსპორტირების საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით კი, თბილისში იმ მარშუტებზე, სადაც „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები მოძრაობს, მგზავრთა ნაკადი 30%-ით გაიზარდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი