დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეიდან თბილისს ახალი გენგეგმა ექნება.
“დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა – ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას. თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით, ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, მინდა, თითოეულ ამ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო ამ საქმიანობისთვის.
20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა. ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემის სათავეა ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად. რა თქმა უნდა, წლობით დაგროვებულ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განცახდებით, გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს.