თბილისის მერს მეტროსადგურ “ავლაბარში” მიმდინარე სამუშაოები არ მოსწონს

1848

თბილისის მერს კახა კალაძეს მეტროსადგურ “ავლაბარში” მიმდინარე სამუშაოები არ მოსწონს. მისი თქმით, ამ ფორმითა და დიზაინით სამუშაოების წარმოება მისთვის მიუღებელია. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თანამშრომლებს დაავალა, სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად იმუშავონ ამ თემაზე და მაქსიმალურად მაღალ დონეზე გაკეთონ პროექტი. ამასთან, მისი განცხადებით, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე განახლდეს სამუშაოები.

“გუშინ ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით სამუშაოების წარმოება პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზე ყველა მთავრობის სხდომაზე გვიწევს საუბარი, რომ საჭიროა განახლება-მოწესრიგება, რათა ტრანსპორტი იყოს კომფორტული და სწრაფი. თუმცა, ამას გარდა ასევე აუცილებელია მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. ის, რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა არსებული პროექტი გადასახედია, რამდენადაც არანაირად მისაღები არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.