იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ვიზიტორთა ცენტრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს აღნიშნული ობიექტები.
“იმერეთის რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებულ ვიზიტორებს უნდა შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო.
2019 წელს რეგიონში გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება პირველი აგვისტოდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას რეგიონში. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ საინტერესო ტურისტული მარშუტები და შესაბამისი გარემო“, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.