სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ბაკურიანში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა მწვავედ იდგა, რამაც დამსვენებლებს დისკომფორტი შეუქმნა.სახელმწიფო რწმუნებული ირწმუნება, რომ ეს საკითხი 2019–2020 წლებში მოგვარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ზამთრის სეზონზე, ბაკურიანში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა ტურისტების გაორმაგებული რაოდენობის გამო შეიქმნა.
“12 000 მანქანა დაფიქსირდა ბაკურიანში, ვიწრო ქუჩებია და ამდენი მანქნაის გატარება ვერ შეძლო, იყო საცობები და პრობლემები შეიქმნა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ გეგმა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითრებვის ფონდი შემოვლით გზას აკეთებს, ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ ტრანსპორტის ნაკადი შემოვლით გზაზეც გადანაწილდება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისივე თქმით, ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაც იგეგმება.
“პრობლემა რეალურად მწვავეა, როდესაც მოვაწყობთ პარკინგს და დამსვენებლებს მანქანებს გავაჩერებინებთ საპარკინგე ადგილებზე, ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ გადავიდეთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ამაზე ვმსჯელობთ და გადასული ვართ თანხების მოძიების პროცესზე, რომ შევიძინოთ ტექნიკა, ასევე, შესაძენი გვყვავს გზის გასაწმენდი ტექნიკა, რომელიც მოძველებულია”, – თქვა ამირანაშვილმა.
ამირანაშვილი ირწმუნება, რომ ბაკურიანში არსებული პრობლემები 2019–2020 წელებში მოგვარდება და მომავალ წელს ბაკურიანი უკეთესად მომზადებული შეხვდება ტურისტულ სეზონს.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონზე, ბაკურიანში მისულ დამსვენებელს არაერთი პრობლემა დახვდა, მათ შორის დიდი რიგები საბაგიროებთან, საცობები ქუჩებში და დაკეტილი საპირფარეშოები.