2018 წელს სიღნაღს 10 996 ტურისტი ესტუმრა

1940

სიღნაღში ტურისტების რიცხვი გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის გიგა შუშტაკაშვილის თქმით, სიღნაღს 2018 წელს 10 996 ტურისტი ესტუმრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ჩასული უცხოელი და ქართველი სტუმრების რაოდენობა, რომელიც ტურიზმის ცენტრს არ სტუმრობს გაცილებით მეტია.
როგორც შუშტაკაშვილი აღნიშნავს, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების რიცხვის ზრდის პარალელურად მრავლდება ტურისტული ობიექტებისა და განთავსების ადგილების რაოდენობაც, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

“2018 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლა 28 412 შიდა და საერთაშორისო ვიზიტორმა. 2016 წელს 8436-მა 2017 წელს 8982-მა, 2018 წელს კი 10 996-მა ტურისტმა. ესენი არიან ის ტურისტები, რომლებმაც ისარგებლეს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით. შესაბამისად ქალაქში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია. სიღნაღში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც გამოწვეულია სიღნაღის როგორც სიყვარულის ქალაქის ცნობადობით, ქალაქის ადგილმდებარეობით, არაჩვეულებრივი ლანდშაფტით და ხედებით.

ამასთან, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი. აღსანიშნავია სიღნაღში არსებული 24 საათიანი ქორწინების სახლიც და არაერთი სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტი. მათ შორის, 2018 წელს გახსნილი ექსტრემალური ატრაქციონი ზიპ-ლაინი და ფრენები პარაპლანით. შეიძლება ითქვას, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულია კვებისა და განთავსების ობიექტების ზრდასთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სეზონზე არსებობს შემთხვევები როდესაც ყველა განთავსების ობიექტი გადავსებულია. საყურადღებოა რომ ახლომდებარე სოფლებიც ეტაპობრივად ებმებიან ტურიზმის სფეროში. დღეის მდგომარეობით სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბაზაში 65 განთავსების ობიექტი ფიქსირდება, თუმცა დაურეგისტრირებელი ობიექტების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. ქალაქში არსებულ სასტუმროებს, დაახლოებით, 900 სტუმრის მიღება შეუძლიათ’’,- განაცხადა გიგა შუშტაკაშვილმა.