კილაძე: ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს

875

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც “ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ, განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს.

მისი განმარტებით, ეს პრინციპული საკითხია: “იმიტომ რომ, ჩვენ, თბილისში ვერ ვხედავთ ადგილზე რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს. ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსის უზრუნველყოფით”, – აღნიშნა კილაძემ.

მისივე თქმით, ბავშვი ოჯახიდან მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაიყვანონ, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კილაძის თქმით, ბავშვი ოჯახიდან მხოლოდ ერთადერთი მიზეზით შეიძლება მიჰყავდეთ, როდესაც მას საფრთხე ემუქრება.

სხდომაზე ემზარ კვიციანმა სოფო კილაძეს სთხოვა დაკონკრეტებინა რა არის ბავშვზე ძალადობა რადგან კვიციანის აზრით “ზედმეტი უფლებები” დამღუპველია.

“ზედმეტი თავისუფლება ხომ არ მიგაჩნიათ ბავშვებისთვის დამღუპველად? უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა არის ბავშვებზე ძალადობა, პატარა რაღაცა შენიშვნის გულისთვის მასწავლებლებს უკვე ყრიან სკოლებიდან. პატარა შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ბავშვი ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა, არ მგონია მისგან რამე წესიერი დადგეს. როდესაც ზედმეტი თავისუფლება, ზედმეტი უფლებები ბავშვისთვის დამღუპველი ხდება, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია. ბავშვი რომ დაიბადება იმის შემდეგ აქვს უფლებები, უფლება აქვს მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება, უფლება აქვს მოუსმინოს მასწავლებელ-პედაგოგებს და შეასრულოს მათი ყველა დავალება, უფლება აქვს მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისთვის და სამშობლოსთვის, ასევე, იმარხულოს და ეზიაროს”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამავე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ბავშვთა ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა ძლიერდება: სახელმწიფო ვალდებულია აღმოუჩინოს განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა იმ ბავშვებს, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებული არიან მშობელთა ზრუნვას.

https://www.facebook.com/parliamentgeo/videos/2292515531018806/