უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ვალდებულება ეკისრებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უზრუნველყონ. ვალდებულების ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ სანქცია დაეკისრებათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, სანქციად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა.
გარდა ამისა, თუ ფინანსური ინსტიტუტის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იგი ვალდებული ხდება, უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა. ხოლო, აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარისა.