საქართველოს პარლამენტი ახალ ტყის კოდექსს მიიღებს. მთავრობამ კანონმდებლებს “საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი უკვე წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც მთავრობა განმარტავს, სატყეო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელი გახდა საქართველოს ტყის კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება.
“საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას. კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება“, – აღნიშნულია კოდექსის პროექტის განმარტებით ბარათში.