პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რათა მათ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა თანადაფინანსების გზით შეძლონ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი იქნება.
“დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორს. მოგეხსენებათ, რომ გასული წელი გამორჩეული იყო.
მე მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სოფლის მეურნეობაში, თუმცა ეს არ გახლავთ საკმარისი.
ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, ვაპირებთ, გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები. დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე. ჩვენ გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი სოფლის მეურნეობის სექტორში, შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, გავზარდოთ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობა, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ აუცილებელი ტექნიკის შეძენა. პროგრამების ბიუჯეტი იქნება, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი. დამატებით დეტალებს ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრი მოგაწვდით“, – განაცხადა ბახტაძემ.