თურნავა: 2019-2021 წლებში აბონენტების 90%-ზე მეტი გაზიფიცირდება

847

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერმინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული იქნება, მათ შორის, გაზიფიცირდება ისეთ დასახლებებიც, სადაც ბუნებრივი აირით არასდროს უსარგებლიათ.

თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა ძალიან მასშტაბური და ამბიციურია.

“ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მილიონ აბონენტს მიაღწევს, რაც 90%-ზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

გაზიფიცირების შედეგად ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს – საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,“ – თქვა  ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გაზიფიცირდება მაღალმთიან დასახლებები, რომლებიც გაზსადენებიდან არის საკმაოდ დაშორებული და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მისი თქმით, საკმაოდ რთული იქნება. მისივე განცხადებით, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. სოზარ სუბარის თქმით, სამწლიანი პროგრამა 61,000 ოჯახს მოიცავს.

შეხვედრას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.