“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოყონ, მინისტრი, ყველას მაგივრად, ამ დეპუტატმა აქოს თავისი გამოსვლისას და ამით მინისტრიც და პარლამენტიც დროს დაზოგავენ.
ამის შესახებ განცხადება გიგა ბოკერიამ დღეს სესიაზე გააკეთა, რომელზეც, მინისტრის საათის ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა იმართება.
რეგლამენტი, მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს ითვალისწინებს. კითხვების ნაცვლად კი, მმართველი გუნდის დიდი უმეტესობა მაია ცქიტიშვილს ხანგრძლივ მადლობებს უხდის. კითხვის შემთხვევაში კი, მასაც მადლობებით იწყებენ. დროის დაზოგვის მიზნით კი, გიგა ბოკერიამ მათ მადლობის და ქების სათქმელად ერთი დეპუტატის გამოყოფა შესთავაზა.
“გთავაზობთ, ერთი დეპუტატი გამოყოთ, რომელიც თავის დროში გადაუხდის მინისტრს მადლობას, ყველას ნაცვლად და ამით დროს დავზოგავთ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაიაც ამით კმაყოფილი იქნება, მისი დროის ფაქტორიდან გამომდინარე. ქების სათქმელად დეპუტატი კი მორიგეობით გამოყავით, გული რომ არავის დასწყდეს,” – მიმართა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. მან მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე ერთსაათიანი მოხსენება უკვე გააკეთა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მას კითხვები დაუსვეს.
პარლამენტის სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. სხდომის დაწყების შემდეგ ცქიტიშვილი პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.