მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი დედებისთვის ავტორბოლის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმშია აღნიშნული, ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებმა არამრავალშვილიანმა ქალბატონებაც გამოთქვეს, რის გამოც ტენდერი შეწყდა.
ამასთან, მსურველებისგან ტენდერის დასრულების ეტაპზე მთაწმინდის გამგეობაში შეტყობინებებმა მოიმატა. ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის კანონმდებლობით, შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციაში შეუძლებელია ცვლილების შეტანა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში არ ხერხდება მსურველების უმრავლესობის დაკმაყოფილება, კომისიამ მხარი დაუჭირა ტენდერის შეწყვეტას, ამასთან, იგეგმება მომზადდეს შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია გარემოებების გათვალისწინებით და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი.
შეგახსენებთ, რომ 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი, რომლის მიხედვითაც მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებას აპირებდა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე 1-ელ თებერვალს განთავსდა, მიწოდების ვადად კი 8 მარტი განისაზღვრა.