თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი” მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ვიდეო დიალოგისას მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანით – მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის სანქციების ათჯერ გაზრდით უპასუხა.
“დასაწყისისათვის ძალიან დიდი სანქციების დაკისრება მოგვიწია სამშენებლო კომპანიებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში დინამიკა ბევრად გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, ამას სახელმწიფოს მხრიდან იძულების სახე არ უნდა ჰქონდეს. მშენებლები თვითონ უნდა იაზრებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის დროს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, დაიწყო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის.
“კანონპროექტი პარლამენტში დღედღეზე დარეგისტრირდება. ეს კანონპროექტი ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს. ქალაქში მტვრის ნაწილაკების გაჩენისა და გავრცელების სერიოზული პრობლემაა და ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სწორედ მშენებლობებია. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული, მშენებლობის ობიექტებზე გამოყენებული იქნება სპეციალური ბადეები, ღიობების შეფუთვის მოთხოვნა იქნება დაყენებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მტვერი გარემოში არ გაიფანტოს. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კანონმდებლობა აქამდე ამ საკითხებს არ არეგულირებდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, მშენებლობების უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, განსაკუთრებული როლი ზედამხედველობის სამსახურის რეფორმამ ითამაშა. მისი თქმით, თუ 2017 წელს საზედამხედველო ფუნქციას 140 ადამიანი ემსახურებოდა, ახლა ემსახურება 350-მდე თანამშრომელი და რაც ყველაზე მთავარია, ამით ინსპექტირების ფუნქცია გაძლიერდა. მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება ამ მიმართულებით სხვა სიახლეების შესახებაც.