დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მოაგვარებას გეგმავს. როგორც კალაძემ ფეისბუქ ლაივისას მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.
“ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, – თქვა კალაძემ.
მერის მოადგილე მაია ბითაძის თქმით კი, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება.
“დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – განაცხადა ბითაძემ.