დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის N93-ში, N99-სა და N101-ში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე 47 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, დასასვენებელ სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო და მიმდებარე ტერიტორიებზე მოწესრიგდა ასფალტის საფარი. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ამასთან, სკვერების ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა, ფიტნეს ტრენაჟორები, სხვადასხვა სახის ატრაქციონები და განათების სისტემები დამონტაჟდა. უსაფრთხოების მიზნით კი, სკვერების ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვიდეო კონტროლიც.
სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 255 000 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ჯეოპარკმა“ და “მშენსერვის 55-მა” შეასრულეს.
“მერის ინიციატივას პირველად აკაკი წერეთლის გამზირის N93-ის მოსახლეობა გამოეხმაურა და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ასეთი ლამაზი მოსასვენებელი სივრცე მივიღეთ. საერთო ჯამში, ინიციატივას რამდენიმე ეზო შეუერთდა და გამწვანებული და კომფორტული სკვერები მოვაწყვეთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები რამდენიმე ამხანაგობასთან მიმდინარეობს“, – განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.