ირაკლი კობახიძე განხორციელებულ თვითმმართველობის რეფორმას არარაციონალურ კომპრომისულ გადაწყვეტილებას უწოდებს

573

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2014 წელს განხორციელებულ თვითმმართველობის რეფორმას არარაციონალურ კომპრომისულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლოგიკა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ეფუძნება დარღვეულია.

მისი თქმით, სწორედ ამ ლოგიკის აღდგენას ემსახურება თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

„ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან ლოგიკას. სამწუხაროდ, ეს ერთიანი ლოგიკა დაირღვა 3 წლის წინ, როცა გაერთიანდა 14 მუნიციპალიტეტი. ჩვენი მიზანია, ამ ლოგიკის აღდგენა. შესაბამისად, ჩვენ ვასწორებთ იმ ერთგვარ ხარვეზს, რომელიც იქნა დაშვებული 3 წლის წინ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გამართული სახით იფუნქციონიროს ადგილობრივმა თვითმმართველობის სისტემამ. ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით და არც ერთი კონტრარგუმენტი ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია, არის მხოლოდ ერთგვარი სპეკულაციები, მანიპულაციები”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე რეფორმის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები გააცნეს.

„ჩვენი მთავარი გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია, რომლითაც საქართველოში მივაღწევთ თვითმმართველობის იმ დონეს, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. მოკლევადიან ცვლილებებს რაც შეეხება, გვქონდა საუბარი ადმინისტრაციულ დაყოფასთან დაკავშირებით, კერძოდ 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებაზე. შედგა საინტერესო დისკუსია, ჩვენ გავაცანით გეგმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და რაიმე კითხვები ამ მიმართულებით არ ყოფილა“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ

კანონის პროექტის მიხედვით, იგეგმება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზ​აცია, რაც გულისხმობს არსებული მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. შედეგად, შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და ნაცვლად არსებული 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი

ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება კოდექსის მთელ ტექსტში და შესაბამის მუხლებში ჩანაწერი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ იცვლება ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.

წყარო: 1tv.ge