თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მერია სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე 51-სართულიანი კოშკის მშენებლობის წინააღმდეგია.
“მე-5 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე მიმართვა იყო ეკონომიკის სამინისტროსადმი. თუმცა, ბუნებრივია, კითხვა გამოიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც უარყოფითი პასუხი გაიგზავნება. ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ნაგებობის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელია“, – განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ ალექსიძის ქუჩაზე კომპანია “ბასილონ გლობალ სერვისი“ თავდაპირველად ორი, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის აშენებას გეგმავდა. 2017 წელს თბილისის მერიამ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გასცა. ამის შემდეგ კომპანიამ განახლებული პროექტი შეიმუშავა, რომელიც მე-5 კლასის შენობა-ნაგებობას მიეკუთვნება და, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა სჭირდება. ინვესტორს ადგილზე 51-სართულიანი კოშკის მშენებლობა სურს.