არშესრულებული პირობა და განაწყენებული დეპუტატი

735

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, მთავრობის ორი ივნისის განკარგულებით,  საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  250 294 ლარი გამოეყო, რომლის  თანადაფინანსება 13 177 ლარი საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს. ჯამში კი ექვსი ობიექტზე სამუშაოების განსახორციელებლად 263 471 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.

როგორც გაირკვა, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 22 803 ლარი აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აღდგენას მოხმარდება, ხოლო ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში 59 411 ლარად სამანქანე ხიდი მოეწყობა. ზემონახსენები თანხიდან ჯურუყვეთის ადმინისტრაციაში ჯამში 114 317 ლარის გახარჯვა იგეგმება. აქედან 26 256 ლარი დაზიანებული ხიდის აღდგენისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 88 061 ლარად 20 მეტრი სიგრძის სამანქანე ხიდი გაკეთდება. რეგიონებში გასახორციელებლი პროექტების ფონდიდან 30 047 ლარი ერგო ნიგვზიანს, სადაც ასევე სამანქანე ხიდი უნდა მოეწყოს.

საკრებულოს წევრის, გიორგი ჩახვაძე უკმაყოფილებას არ მალავს, რომ გამგებლის პირობა არ შესრულდა და ჩამონათვალში არ მოხვდა ჩიბათის მინი-სტადიონი.

„არაერთხელ დავაყენე დღის წესრიგში ჩიბათში მინი-სტადიონის საკითხი, რომლის მშენებლობაც სამი წლის წინ დაიწყო. ახლა კი ისე გამოდის, რომ ის  15 ათასი ლარი, რაც უკვე დაიხარჯა, წყალში გადაყრილია.

გამგებლისგან მივიღე თანხმობა, რომ მიმდინარე წლის მაისს-ივნისში მოხდებოდა ამ კუთხით თანხის გამოყოფა. შეხვედრა გვქონდა სოფლის ახალგაზრდობასთან, რომელთაც მივეცით პირობა, რომ სამუშაოები გაგრძელდებოდა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა. თუმცა, ახლა  აღმასრულებელი რგოლი შემოდის ბიუჯეტში ცვლილების მოთხოვნით, სადაც არ არის გათვალისწინებული ჩიბათის მინი-სტადიონი. წინააღმდეგი არ ვარ ჭადრაკის სახლის გაკეთების, მაგრამ ვკითხულობ, რა ეშველება ამ სტადიონსა და მასთან ერთად  ქალაქში არსებულ ხელოვნურ საფარიან სტადიონებს, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია?“  _ იკითხა დეპუტატმა.

მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძე წლების წინ მიცემულ სიტყვას შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი იმნაიშვილიც ახსენებს და სოფელში სტადიონის გაკეთება ითხოვს. საკრებულოს წევრებს: რომან ბიწაძესა და დარეჯან ბურჭულაძეს კი კითხვა უჩნდებათ _ „გაკეთდება თუ არა საერთოდ რამე ქალაქში?!“

ზაზა ურუშაძის თქმით, ხიდების გაკეთება გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

„იქ, სადაც გაკეთებულია სტადიონები,  არ დამინახავს, ვინმე თამაშობდეს, ზოგან ბალახია ამოსული, ზოგან ღორები და ძროხებია ჩაშვებული. იმას, რაც გაკეთებულია, ნუ გავაფუჭებთ, ყურადღების მიქცევაა საჭირო.

ჯურუყვეთში დაზიანებული ხიდის გამო მოსახლეობა საკუთარ სახლამდე ვერ მიდიოდა, ასეთივე მდგომარეობა იყო აკეთი-აცანის მონაკვეთზეც. ქალაქშიც ვიწყებთ რაღაცეების გაკეთებას და სანამ არჩევნები დაიწყება, მანამ ვგეგმავთ გავაკეთოთ ბევრი რამ. გამოვნახავთ საშუალებებს, რომ  შიდა გზები შეკეთდეს“, _ ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომლისვე თქმით, სტადიონების საკითხი, მათ შორის, ჩიბათის, ეტაპობრივად მოგვარდება.

გარდა ამისა, როგორც როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირების მოწესრიგებისთვის  ადგილობრივ ბიუჯეტს 2000 ლარის გაღება მოუწევს.