გვანცელაძე: თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება

701

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მისი თქმით, სააგენტომ უსაფრთხოების ღონისძიებები გასულ წლებშიც გაატარა.

“თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე, მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შემოწმების მიზნით სააგენტომ გასულ კვირაში კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართა.

“კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ “ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც “ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. შემოწმება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე “სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჩაატარა და სააგენტოს რეკომენდაციები მისცა.