საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
“განათლების რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას და სიახლეს, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის.
რეფორმა მოიცავს ხუთივე საფეხურს, ესენია: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. არაერთი მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები განათლების სისტემასა და მეცნიერებაში ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება და განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება განმსაზღვრელი. ამ ორმა მიმართულებამ ერთად უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარება, ეკონომიკური განვითარება და რეფორმა განათლების სექტორში – შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთიანი სტრატეგია, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.