“უშგულის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს უშგულში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას. ამასთან, ბახტაძის თქმით, 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც მისი ინფორმაციით, 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.
მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე, რომ უძველესი სახლებისა და კოშკების პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე პრემიერი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობისგან წინადადებები მოისმინა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად გზების მოწესრიგება, უძველესი კოშკების აღდგენა-გამაგრება, წყლის სისტემის გაუმართაობა და ელექტრობოძებისა და გაყვანილობის რეაბილიტაცია დაასახელეს.
“უშგულის მცხოვრებლების თხოვნის შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას”, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.