თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია განიხილა

915

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცეპრეზიდენტის – გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXII სხდომა გაიმართა, რომელზეც დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველად პროექტზე იმსჯელეს.

სხდომას ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან – დავით მელუასთან და ნათია ღვინაშვილთან, ასევე, ათეა-სექსპერტებთან – ნინო ზურაბიშვილთან, კახა გურგენიძესთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი და ამავე უწყების ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – ნიკოლოზ როსებაშვილი ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, დეცენტრალიზაციის ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესზე, სტრატეგიის მიზნებსა და მისი განხორციელების გზებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც, სხდომა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და ათეა-ს ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდას, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივებას, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსურ უზრუნველყოფას, ასევე ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ეხებოდა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სტრატეგიის დოკუმენტი, სწორედ თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, თუმცა, მათივე თქმით, სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნული საკითხების, უფრო დეტალურად ჩაშლას გულისხმობს, საბოლოო დოკუმენტში მაქსიმალურად იქნება ასახული.

სხდომის მონაწილეებმა, აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით, ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს თვითმმართველობებთან დისკუსიებს.

ათეა-ს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ასოციაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეაჯერებს და შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, დასამტკიცებლად აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს რეკომენდაციის სახით გადაეგზავნება.

სხდომაზე ასევე ორგანიზაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიც განიხილეს, რომელსაც აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.