„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ ქალაქი და სოფელი ერთად უნდა ვითარდებოდეს. ვეთანხმებით ოპონენტებს, რომ ქალაქს და სოფელს სხვადასხვა საჭიროებები აქვს, მააგრამ ისინი მაინც ერთად უნდა განვითარდეს, რადგან მათ ხშირად საერთო და მსგავსი პრობლემებიც აქვთ“, – განაცხადა პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა, რომელიც დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობდა.
კითხვაზე, ჩატარდა თუ არა კონსულტაციები მოსახლეობასთან, კახა გულედანმა განაცხადა, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციამ გამართა შეხვედრები, რომელსაც ადგულობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგ შემთხვევაში კი მედია და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ და ეს შეხვედრები მედიით გაშუქდა.
ამის პასუხად, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ვებგვერდიდან მოიყვანა ინფორმაცია, სადაც არაფერია ნახსენები იმის შესახებ, რომ, მაგალითად, ზუგდიდში ეს საკითხი მოსახლეობის ჩართულობით განიხილეს.
სხდომას, პარლამენტის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, საქართველოს მთავრობას არ აქვს რეალური არგუმენტები, თუ რატომ არ გაამართლა თვითმმართველი ქალაქების თემიდან გამოყოფას და მოუწოდებდნენ დეპუტატებს, მხარი არ დაეჭირათ მთავრობის ინიციატივისთვის.
მიუხედავად ოპოზიციური პარტიების აქტიურობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არგუმენტებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას მხარი მაინც დაუჭირა.