ბახტაძე: ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ჩვენი რეგიონებისთვის დამატებით სიცოცხლეს ნიშნავს

745

“ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებსა და პარამეტრებში,“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018-2019 წლების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობა გეგმავს, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი 2022 წლისთვის დაასრულოს.

ანგარიშის წარდგენამდე პრემიერმა მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის რეგიონული განვითარება მნიშვნელოვანია და ამისთვის დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებების გატარება.

“2012 წელთან შედარებით, ჩვენ ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გავასამმაგეთ რეგიონული განვითარების მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით, 20%-ით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს მაჩვენებელი შეადგენს, დაახლოებით, 2 მილიარდ ლარს. ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის და ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ,“ – განავხადა მამუკა ბახტაძემ.

ამ კონტექსტში კი განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა.

“ინფრასტრუქტურული განვითარება, როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში, იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს ძალიან დიდი ადგილი აქვს.

“ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას ეს წარმატება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ, განვავითაროთ საქართველოში ინფრასტრუქტირა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სისტემებთან,“ – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, დონორებს, პარტნიორებს და სამშენებლო კომპანიებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018-2019 წლების ანგარიშის წარდგენა დღეს სასტუმრო “რედისონში“ გაიმართა. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, ასევე, სართაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/280708155957862/?__tn__=%2Cdk%2CP-R&eid=ARBXDc-wWSgXUM8682lCpYk–0IHGJfkEIn8mm65hQrJxjXD0W3TmpIRs-s3wHrWTGSr_Dsh8rLKwjmO