საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გამგებლებს სახელი გადაერქმევათ და მათ მერი დაერქმევათ. საკანონმდებლო ცვლილების ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. სახელი გადაერქმევა, ასევე, მუნიციპალიტეტების გამგეობას და მას მერია ეწოდება.
როგორც პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში წერია, ორი ტერმინის – გამგებლის და მერის არსებობა ქმნის მოლოდინს, რომ მათი ფუნქციები უნდა განსხვავდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციები, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მსგავსია.
“პრაქტიკულად კი, გამგებელი და მერი იერარქიულად თანაბარ საფეხურზე მდგომი, მსგავსი უფლებამოსილებათა მქონე თანამდებობის პირები არიან და განსხვავებული ტერმინების არსებობა ართულებს მათი ფუნქციების ჯეროვნად გააზირებას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. ინიციატივას პარლამენტის კომიტეტები დღეს განიხილავენ.