ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობამ დღეს დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ნაგავსაყრელის პროექტის პრეზენტაცია უნდა წარედგინა, ჩაშალა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, არ დაუშვებენ ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობას, რადგან ის საფრთხეს უქმნის მიმდებარე სოფლებს
“არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და მათ მშენებლობის ნება მივცეთ. არც დღეს და არც მომავალში ჩვენ მოლაპარაკებაზე არ წავალთ. ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნა არ აინტერესებს. მოაწყონ ისეთ ადგილზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. ნაგავსაყრელი დააბინძურებს მიწისქვეშა წყლებს, ჰაერსა და საფრთხე შეგვექმნება, როგორც ადამიანებს, ასევე ბუნებას და ცხოველებს.
ხელმოწერები შევაგროვეთ პროექტის შეჩერების მოთხოვნით, თუმცა არ აინტერესებთ”,-განაცხადეს ადგილობრივებმა.
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სამუშაოები მარტიდან დაიწყება.
ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ.