პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თბილისის მერიასთან ერთად 40-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.
პრემიერის განმარტებით, გეგმაში გაწერილია კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც ყველა უწყება აქტიურად მუშაობს. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა ტექინსპექირების ამოქმედებას და ავტოპარკის განახლებასაც.
” მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ ამ ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდწილად სამშენებლო საქმიანობაც განაპირობებს და სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არ იყო სრულყოფილი. აუცილებელია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. უკვე შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში”, – აღნიშნა ბახტაძემ.