საკრებულოს წევრად, მერის ან გამგებლის თანამდებობაზე პირის ასარჩევად საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ცენზი საარჩევნო კანონმდებლობაში გათვალისწინებული აღარ იქნება.
“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ეს ცვლილება თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
“საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის მერობის/გამგებლობის კანდიდატებისათვის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის სავალდებულოობა ბუნდოვანი და არაეფექტურია. ნორმის განმარტება კონკრეტულ კრიტერიუმებს არ ეყრდნობა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მოწმობს“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.
წყარო: ინტერპრესნიუსი