სიღნაღის სოფლებში სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვენ

1176

სტატია მომზადებულია “კახეთის ხმის” მიერ

ავტორი: მაკა ხაზიური

უკვე წლებია, რაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს სანიაღვრე არხების გაწმენდის პრობლემა აქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრეებიდან წყალი გზის სავალ ნაწილზე გადადის, რაც სხვადასხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ და პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

სოფელ ანაგაში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ცენტრალურ გზაზე გადმასული წყალი სოფლებში უბნებს ატალახებს, რის გამოც მძღოლებისთვისა და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გოგოლაშვილის ინფორმაციით, პრობლემა განსაკუთრებით ზამთარში მწვავდება, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და გზებზე წყალი იყინება.

“მაგალითად, სოფელ ანაგის და ვაქირის ტერიტორიაზე, გზები არის ვიწრო და ბევრი მოსახვევია. ამავე დროს აქ გადის ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მაგისტრალი “აბრეშუმის გზა“. აქ მოძრაობს უშველებელი სატვირთოები, რომლებიც ვერ ეტევა ვიწრო გზებზე და მოსახევევებში იქმნება საავარიო სიტუაციები. ეს ცალკე საკითხია და ამ ისედაც მძიმე მდგომარეობას ემატება გაუწმენდავი სანიაღვრეები, რომელიც ამოვსებულია მიწით და თითმის გადასწორებულია. სანიაღვრეები ვერ ატარებს წყალს და იღვრება სავალ გზაზე’’, – განაცხადა  ნინო გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, წყლის გაყინვის გამო გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის საშიშროება მკვეთრად იზრდება.

“ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველა ყინვიანი ღამე დიდი საფრთხეა ჩვენთვის, ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად დაიწყონ მუშაობა პრობლემის მოგვარებაზე. ნაგავსაყრელად ქცეული სანიაღვრეეების გაწმენდას ასეთი დიდი ფინანსური რესურსი არ სჭირდება’’, – ამბობს ნინო გოგოლაშვილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ შექმნილი პრობლემების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. სიღნაღის ვიცემერი მადონა ბატიაშვილი მიუთითებს, რომ ანაგისა და ვაქირის გარდა, მსგავსი პრობლემები სხვა სოფლებსაც აწუხებს, რომლებიც ეტაპობრივად მოგვარდება.

“საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული და სამუშაოებს სხვა მონაკვეთებზე გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ჩვენ მათ მივწერეთ აღნიშნული პრობლემის თაობაზე. სხვა მონაკვეთებზე სადაც პრობლემა იყო, სამუშაოები შესრულებულია და მაგ მონაკვეთზეც პრობლემა მოგვარედება. არა მხოლოდ ანაგა-ვაქირის ტერიტორიაზე, სხვა სოფლებშიც არის მსგავსი პრობლემები, იმ ადგილებში, სადაც საუბნო ონკანებია დაყენებული. ონკანებს მოსახლეობა ღიას ტოვებს, ივსება სანიაღვრეები და წყალი გადმოდის გზაზე. ასევე ხშირად ჩაყრილია ნაგავი. ხშირად ბინძურდება და საჭიროებს ამოწმენდას. ახალი წლის წინა დღეებში სანიაღვრე არხები გარკვეულ ადგილებში გაიწმინდა და ეტაპობრივად ყველას გაწმენდენ. ერთდროულად ყველა ქუჩაზე ეს პრობლემა ვერ მოვარდება’’,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გზებზე შექმნილი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე სისტემატურად მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდება.