ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით, ქალაქში არსებული ყველა კორპუსი შემოწმდება და შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილების შეცვლა ეტაპობრივად დაიწყება.
ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს, კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით.
ქალაქის მერმა ადგილზე, სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები მიიყვანა და მათთან ერთად გაიარა ყველა დეტალი, რაც, შესაძლოა, მალევე გამოსწორდეს და მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
“სოკარის წარმომადგენელთან ერთად მოვედით ადგილზე, აქ არის ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები , რომელიც 2003-2005 წლებშია შეყვანილი. აღნიშნული პრობლემა აღმოსაფხვრელია. დღეს გავეცით დავალება და ქალაქის მასშტაბით ყველა კორპუსი შემოწმდება, შემდეგ ერთიან სიას გადავცემთ სოკარს. ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ პოლიეთილენის მილების შეცვლას. მიუხედავად იმისა რომ როგორც სოკარის წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ის უსაფრთხოა, მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.