კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციულ შენობას დემონტაჟიჩაუტარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ჩვენი თავდაპირველი მოსაზრება იყო, რომ შენობის რეკონსტრუქცია მომხდარიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ხერხდება, რადგან არსებული შენობა იმდენად დეგრადირებულია, რომ მთლიანად უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი შენობა აშენდეს, ამიტომაც პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება. წელს უნდა დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია, თუმცა ზუსტ თარიღებს ვერ ვამბობთ, მაგალითად როდის გაიხსნება აღმოჩენათა ცენტრი, ან სხვა სეგმენტი, მაგრამ ვეცდებით, რომ ყველაფერი დროულად მოხდეს“, – ამბობს ნიკოზ ანთიძე.
ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტირება ესტონურმა კომპანიამ “კოკო არქიტექსმა“ გააკეთა. პროექტი თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.