ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებგვერდი შეიქმნა

861

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებგვერდი visitlagodekhi.com შექმნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საიტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრი ახალგაზრდებისა და ევროპელი მოხალისეების ძალისხმევით შეიქმნა. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ ვებგვერდის საშუალებით მსურველები ლაგოდეხის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.

“ლაგოდეხისთვის საკუთარი ვებგვერდის გაკეთება LAG-ის აქტიური ახალგაზრდების იდეა იყო, რომლებიც ხედავდნენ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უფრო მრავალფეროვანი გახდა და საკუთარი ბრენდის შექმნასაც იმსახურებდა. ბევრმა არ იცის, რისი შეთავაზება შეუძლია ამ მუნიციპალიტეტს თავისი სტუმრებისთვის, ამიტომ, საჭირო იყო, მეტ ადამიანს მიეღო სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ელოდოს აქ სტუმრობისას: არა მარტო ქალაქ ლაგოდეხში, არამედ მის მიმდებარე სოფლებშიც, სადაც უამრავი რამ არის სანახავი: სათევზაო ტური სოფელ ჰერეთისკარში, ლუდსახარში აფენში, თუ ღვინის ტური ლელიანში.

ლაგოდეხით სიამაყის გაზიარებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად საუკეთესო გზა ვებგვერდის შექმნა აღმოჩნდა. ამისთვის, LAG-ის წევრმა ახალგაზრდებმა სწრაფად დაიწყეს რესურსების მოძიება და მალე დააინტერესეს ლაგოდეხში მყოფი მოხალისეებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან: გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ესპანეთიდან. ხუთი შეხვედრის განმავლობაში ახალგაზრდებმა გაინაწილეს პასუხისმგებლობები და საიტზე მუშაობას შეუდგნენ. ერთი თვის თავზე კი მცირე რესურსებით შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც ნამდვილად ქმნის წარმოდგენას ლაგოდეხის მრავალფეროვანი პოტენციალის შესახებ”,-აცხადებენ იდეის ავტორები.

მათივე თქმით, ვებგვერდის ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ ერთად თავმოყრილი ყველა სახის ინფორმაცია ლაგოდეხის ისტორიის, კულტურული ღონისძიებების, სხვადასხვა ტურისა და სალაშქრო მარშრუტის შესახებ.

“ვიზიტორებს შეეძლებათ, თავიდან ბოლომდე დაგეგმონ თავიანთი სტუმრობა, დაწყებული ტრანსპორტირებითა და სასტუმროებში განთავსებით, დამთავრებული ინფორმაციით სხვადასხვა ფესტივალისა და სამუზეუმო ტურის შესახებ. საიტიდან მიხვდებით, რომ ლაგოდეხს ყველანაირი სახის მომსახურების შეთავაზება შეუძლია: მათთვის, რომლებიც ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენას გეგმავენ, და მათთვისაც, რომლებიც აგრო-ტურიზმით არიან დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ საიტზე აგრეთვე მითითებულია ამა თუ იმ მომსახურების ზუსტი ან მიახლოებითი ფასიც, რაც ასე მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის”.