“სიღარიბის დაძლევა არის და იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი შემდეგი 2 წლის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში დავნერგოთ ის რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას, საშუალებას მოგვცემს ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მოდელი შევცვალოთ და მოვარგოთ ინკლუზიურ ზრდას. მთავარი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული სიღარიბე.
წელს სოციალური დახმარებები გაეზარდათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. სოციალური პროგრამები მომავალ წელსაც გაგრძელდება და დაიხვეწება. იცით, რომ წელს შევძელით და ფინანსური ტვირთი მოვხსენით ასეულობით ათას მოქალაქეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლა აისახოს თითოეულ მოქალაქეზე. დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წელი იქნება გარდამტეხი და ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც აუცილებლად ამუშავდება საქართველოში, ქვეყანას მოუტანს ინკლუზიურ ზრდას“, – აღნიშნა ბახტაძემ.