თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე, რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე, რეკლამის განთავსების აუქციონი გამოაცხადა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული – აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან – 20-წლიან უფლებას მიიღებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი “ბე-ს” სახით უნდა გადაიხადოს. სავაჭრო ბიჯი შეადგენს 100 000 ლარს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, საფასურის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღით. თანხის გადახდა უკვე გადახდილი ბე-ს თანხის გამოკლებით უნდა მოხდეს შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ანგარიშზე.
“იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის განთავსების უფლების საფასურს, მას დამატებით განესაზღვრება 60 დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. თუ აღნიშნულ ვადაშიც განთავსების უფლების საფასური არ იქნა გადახდილი უფლების გამცემი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ხელშეკრულებით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.