თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ე.წ. ბასლეინებთან დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად, შესაძლოა, კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდოს.
“სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. როდესაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უცხოელი ექსპერტების რჩევებს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შეუფერხებელი, სწრაფი და შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი, რათა ისინი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს.
იქ, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები შეიქმნა, ხშირია შემთხვევები, როცა ამ გზებზე ჩვეულებრივი ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა და არ არის სწორი. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
მე გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის სრული მზაობა, თანადგომა. თუ საჭიროა აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რადგან ვინც დაარღვევს, აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან მიმართებაში. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმიტომ კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედებით სარგებლობის და ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ ხედვებს და მიდგომებს, რაც კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე გვქონდა. საკმაოდ კარგი პროექტი გამოვიდა. ჩემი თხოვნა იქნება, აქაც მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ. ჩართეთ ამ საკითხის კონტროლში თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თუ საჭირო იქნება, გავზარდოთ ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება ამაზე. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.