არასამთავრობოები ხელისუფლებას სთავაზობენ, მუნიციპალიტეტებს საშემოსავლო გადასახადი დაუტოვოს და გათანაბრებითი ტრანსფერი აღადგინოს

1112

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დეცენტრალიზაციიის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მთავრობისათვის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელეს. შეხვედრას კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“, გურიის სამოქალაქო ორგანიზაციების, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2019 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რაც 2017 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა, 2019 წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაინაცვლებს, მუნიციპალიტეტებზე კი დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% გადანაწილდება. ამ სისტემის ამუშავებით, ჯამში, მომდევნო წელს ადგილობრივი თვითმმართველობები 46 მილიონი ლარით მეტს  მიიღებენ, რაც, ექსპერტთა მოსაზრებით, ცუდი არ არის, თუმცა, ინიციატივა ვერც დეცენტრალიზაციის არსს, ვერც თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და ვერც ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის მრავალწლიან რეკომენდაციებს პასუხობს.

„აღნიშნული მოდელი 2019 წელს ერთჯერადად ზრდის ჯამურ დაფინანსებას, მაგრამ არ ზრდის ფისკალურ დამოუკიდებლობას. მთავრობამ თვითმმართველობების დაფინანსების წესი ამჯერადაც ისე შეიმუშავა, რომ კვლავაც არავის დაუთვლია, რა ჯდება მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება. ამ მონაცემების გარეშე კი შეუძლებელია, ობიექტურად განვსაზღვროთ, რა თანხები სჭირდება თვითმმართველობის ფინანსურ უზრუნველყოფას. ამასთან, მთავრობა კვლავ რჩება თვითმმართველობისთვის შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროდ. ასეთი სისტემა არა მხოლოდ ფინანსურად აკაბალებს თვითმმართელობას, არამედ მენტალურადაც მაქსიმალურად ზღუდავს მის თავისუფლებას, რადგან მთავრობის იქით მას გზა არ აქვს. თვითმმართველობის დაფინანსების დღეს არსებული მოდელის სუსტ მხარედ, პირველ რიგში, ითვლებოდა ის, რომ მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება მათ შემოსავლებზე ნაკლებად აისახებოდა. მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელი კი ამ პრობლემას არ ჭრის. დაფინანსების ახალი მოდელით, მუნიციპალიტეტის შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთელს ქვეყანაში გაიზრდება მშპ. ამიტომაც, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იმუშავებს მუნიციპალიტეტი, თუ ცუდად, იქნება აქტიური, ინიციატივიანი, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს თუ არა, ვინაიდან მას ბიუჯეტი მხოლოდ იმდენით მოემატება, რამდენადაც გაიზრდება ქვეყნის მშპ“, – განაცხადა კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრმა, ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია გათანაბრებითი ტრანსფერის გაუქმებაც. „მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელით, სახელმწიფო უარს ამბობს გათანაბრებით პოლიტიკაზე, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი, სხვადასხვა წელს, საკუთარ რეკომენდაციებში მუდმივად მიუთითებდა, რომ გადასახედი და დასახვეწი იყო გათანაბრების პოლიტიკა. ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად, რომ გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის შეცვლაზე ემსჯელა, მუნიციპალიტეტებს ტრანსფერს საერთოდ უუქმებს. დაფინანსების ახალი მოდელით მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება“, – განაცხადა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოკა კიღურაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მთავრობას სთავაზობენ, მოხდეს საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული სახსრების  წილობრივად დატოვება მუნიციპალურ ბიუჯეტებში. საშემოსავლო გადასახადის განაწილება უნდა მოხდეს არა დამქირავებლების რეგისტრაციის ადგილის, არამედ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. აღდგეს გათანაბრებითი ტრანსფერი და კანონით იყოს დადგენილი ტრანსფერის ფონდის მთლიანი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით.

„რეფორმა შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად: პირველ წელს საშემოსავლო გადასახადის 20%-ის დატოვებით, მეორე წელს – 30%-ის, ხოლო მესამე წლიდან 50%-ის დატოვებით. საშემოსავლო გადასახადის დატოვება ადგილობრივ ხელისუფლებას გაუზრდის მოტივაციას, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების გზით, გაზარდოს საკუთარი შემოსავლები და ეტაპობრივად შეამციროს ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულება. მოქალაქეს კი მკაფიოდ ეცოდინება, რომ ყოველი  ლარი, რომელსაც ის ბიუჯეტში იხდის, ხმარდება იმ მუნიციპალიტეტს, სადაც ის არის რეგისტრირებული, სადაც მონაწილეობას იღებს მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში და რომლის  მიერ მიწოდებული მუნიციპალური სერვისებითაც სარგებლობს. ამ მოდელით სულ უფრო გაიზრდება თვითკმარი მუნიციპალიტეტების რიცხვი და შემცირდება იმ თვითმმართველობების რაოდენობა, რომლებსაც გათანაბრებითი  ტრანსფერი დასჭირდებათ. გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის მშპ-სთან მიმართებაში პროცენტული მიბმით კი, მუნიციპალიტეტთა სულ უფრო მცირე რაოდენობაზე  სულ უფრო მეტი თანხა განაწილდება და გაცილებით ეფექტური გახდება გათანაბრებითი პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, აცხადებენ, რომ ფისკალურ დეცენტრალიზაციას აზრი არ აქვს, თუ ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე არსებული ქონება არ გადაეცათ. „ათწლეულებია, ამ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო, ანუ სახელმწიფო ფლობს. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ საკითხზე დეცენტრალიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი უწყებები საერთოდ არ საუბრობენ“, – განაცხადა შეხვედრაზე კოკა კიღურაძემ.

სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მიერ შეთავაზებული წინადადებები შეხვედრის მონაწილეებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ხინთიბიძის თქმით, ეს არის რეალურად დეცენტრალიზაცია, რომლისკენაც მთავრობა უნდა წავიდეს. „ხელისუფლების მიერ ამ საკითხების გათვალისწინება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ასახვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მომდევნო წლებში აღნიშნული მოდელის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობას მისცემს, რამდენიმე წელში საგრძნობლად შეცვალონ ადგილებზე ვითარება, გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები, შეძლონ ადგილობრივი ბიუჯეტების გაზრდა და უკეთესი მომსახურების გაწევა საკუთარი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ლევან ხინთიბიძემ.