თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და მუხიანში რადიოქალაქის პროექტების განხორციელების შემდეგ, დაახლოებით, 250-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
“ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს მიეკუთვნებოდა საქალაქო მნიშვნელობის პროექტები, თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი და მუხიანში რადიოქალაქის პროექტი. მინდა განგიმარტოთ, რატომ არ მოხდა აქამდე ამ პროექტების ინიცირება. ამ ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით მათ კონცეფციაზე. კვალიფიციური, გამოცდილების მქონე კომპანიები კერძო სექტორიდან ორივე პროექტზე ამზადებდნენ დეტალური განვითარების კონცეფციებს და სულ ახლახან ჩაბარდა ისინი მერიას. ამ კომპანიებს ამის გამოცდილება გააჩნიათ და არაერთი ასეთი პროექტი აქვთ განხორციელებული.
თბილისის მერია შეხვდება ბიზნესსექტორს, რომ ორივე პროექტის დეტალები გავაცნოთ. მინდა, მივმართო ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს, რომ ეს შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“. მინდა, ვთხოვო, მობრძანდეს ყველა, ვისაც სურვილი აქვს და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას. ამ პროექტების განხორციელება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დააახლოებით 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა ჩნდება. საერთო ჯამში, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.
თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტის ვიზუალური ნაწილი უკვე წარვუდგინე საზოგადოებას მთავრობის წინა სხდომაზე და ასევე გაიმართება რადიოქალაქის პრეზენტაციაც, რომელიც იქნება მრავალფუნქციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ პროექტით ისარგებლებს მთელი თბილისის მოსახლეობა და არა მხოლოდ მიმდებარე უბნების“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.