სოხუმის დეფაქტო ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, გაუფრთხილდნენ ქალაქის ქონებას და არ მოიპარონ მთავარი ნაძვის ხიდან სათამაშოები. როგორც ე.წ. ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხიდან სათამაშოები და განათებები მოიპარეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“მოვუწოდებთ მშობლებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს. ასევე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე განათებებისთვის გაყვანილია ელექტროსადენები და ბაშვების ყურადღება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მოედანზე განთავსებულ ფიგურებთან ფოტოები გადაიღეთ მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე. სოხუმი ჩვენი ყველას ქალაქია და საახალწლო მორთულობები გაკეთებულია იმისთვის, რომ ყველა გაახაროს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოხუმის დეფაქტო ადმინისტრაცია ავრცელებს.