ქუთაისის მე–6 საჯარო სკოლაში, რომელსაც 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, წყალი ჩადის. წვიმისგან დაზიანებულია სამსართულიანი შენობის მეორე და მესამე სართულები. ოთახებში, სადაც წყალი ჩადის, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები ბიბლიოთეკასა და ლაბორატორიებში გადაანაწილა.
“გამოგვყავს ბავშვები იმ ოთახებიდან, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. ვიყენებთ ლაბორატორიებს და ბიბლიოთეკას. თუ არ გარემონტდა ეს ოთახები, აქ დაბრუნება შეუძლებელი იქნება”, – ამბობს მე–6 სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე.
მისივე თქმით, ახალი სახურავის მოთხოვნით შესაბამისი მიმართვა განათლების სამინისტროს სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოს უკვე გაუგზავნა, თუმცა, თანხა სკოლის ანგარიშზე ჯერჯერობით არ ჩარიცხულა.
“21 00 ლარია საჭირო ამისთვის. ფორმალური მხარე, რაც სჭირდება, გაკეთებულია, ანგარიშფაქტურა დევს სამინისტროში და ველოდებით როდის გადმოირიცხება ფული, რომ ტენდერი გამოცხადდეს. ამინდებიც არ გვიწყობს ხელს. იმედია, არდადეგებიდან რომ დავბრუნდებით, გადახურვა დასრულებული იქნება”,–ამბობს სკოლის დირექტორი.
განათლების სამინისტროს სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლას შესაბამისი თანხა მიმდინარე კვირაში გადაერიცხება.
“მოხდა სტიქიის შედეგად დაზარალებული სკოლების აღწერა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და პროექტის მომზადება. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. იმ კვირაში გადავურიცხავთ თანხას და მერე უკვე სკოლები თავად გააკეთებენ გადახურვას”,–განაცხადეს სააგენტოში 14 ნოემბერს.
ქუთაისის N6–ე საჯარო სკოლას ძლიერმა ქარმა სახურავი ორი კვირის წინ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სახურავის ფრაგმენტებმა წყლის რეზერვუარი და ეზოში მდგომი ავტომობილი დააზიანა.
სკოლის დირექტორი მაშინ იმედოვნებდა, რომ პრობლემის აღმოფხვრას რამდენიმე დღეში შეძლებდნენ.