ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მილიონი ლარი.
“ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგაც, ქვეყანაში განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მისი თქმით, საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.