თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეხვედრები მიუნხენში, წყალთა მეურნეობის სააგენტოსა და კომპანია “BERNARD GRUPPE”-ში, შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფში მყოფმა გერმანელმა პარტნიორებმა მდინარე მტკვრის შესაძლო განვითარების საშუალებებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, პროექტი “მდინარე იზარის ახალი სიცოცხლე” მიმოიხილეს და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს. კერძოდ, საუბარი შეეხო მდინარის გაწმენდის ტექნიკასა და მისი კალაპოტის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მდინარის სანაპიროზე საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.
“ადგილზე გავეცანით იმ პროექტებს, რომლის მსგავსიც ჩვენთან აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა მდინარე მტკვრის გარშემო არსებული ტერიტორია უფრო მეტად რეკრეაციული და დასასვენებელი ზოლი გახდეს. საუბარია იმაზე, რომ გაკეთდეს მტკვარზე ჩასასვლელი დიღმის ჭალების ტერიტორიაზე და ეს ტერიტორია კიდევ უფრო მეტად გამწვანდეს. მტკვირს სხვა მონაკვეთებშიც შეიძლება კიბეებით ჩასასვლელები გაკეთდეს”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას თქმით, გერმანული მხარე მალე დაასრულებს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას და დედაქალაქის მერიას სიღრმისეულ დოკუმენტს მიაწვდის. მასში გათვალისწინებული იქნება როგორც რეკომენდაციები, ისე საკითხის ტექნიკური გადაწყვეტის გზები.