თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის მსვლელობისას, განაცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებაზე ტენდერი დღეს სრულდება და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერით გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მომავალი წლიდან საჯარო ბაგა-ბაღების 61 000 აღსაზრდელი კვების გარეშე შეიძლება დარჩეს სიცრუე და დიდი ტყუილი უწოდა.
კალაძის თქმით, არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არც ერთი სიცრუე და ტყუილი არ უნდა გაატაროს, ვინაიდან მას საზოგადოება ისმენს და შემდეგ ამის სჯერათ.
“ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის სიცრუეებს ვერ ავუდივართ, მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანაზე, იმ ტყუილზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით. მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არც ერთი სიცრუე და ტყუილი არ გაატარონ, რადგან ამას ისმენს მოსახლეობა და ბევრს შემდეგ ეს სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება, უნდა იყოს ნათქვამი სიმართლე. სხვათა შორის, კვლევა იყო ამაზე გაკეთებული და “რუსთავი 2“-ის ინფორმაციის 79% თუ 80% არის სიცრუე, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე, სრულიად გაუგებარია საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს სიუჟეტი იყო 6 დეკემბერს და საინტერესოა, რომ ტენდერი კვებაზე გამოცხადდა 4 დეკემბერს და დღეს მთავრდება“,- განაცხადა კალაძემ.