13 წლის გიდს მამუკა ბახტაძემ “მთის შვილის“ წოდება მიანიჭა (ვიდეო)

1379

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პირველი არხის გადაცემა “ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირს 13 წლის გიორგი ქოჩქიანს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციის დროს, “მთის შვილის“ წოდება მიანიჭა.

“მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბახტაძემ.

როგორც გიორგი ქოჩქიანმა აღნიშნა, მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა.

“მე მთის მცხოვრები ვარ. მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა, მთაში ცხოვრება არის სუფთა ჰაერი, არავითარი გამონაბოლქვი იქ არ არის და ძლიან ბევრი ტურისტია, დიდ მადლობას ვუხდი ყველას”, – აღნიშნა ქოჩქიანმა.

13 წლის გიორგი ქოჩქიანი უშგულში ცხოვრობს. მან ოთხი ენა იცის და სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გიდობას უწევს. გიორგი ქოჩქიანი ამბობს, რომ ინგლისური და რუსული უშგულში ჩასულ ტურისტებთან ურთიერთობის დროს ისწავლა, თურქული და ებრაული კი, – ტელევიზორიდან. მან საკუთარი შემოსავლით გასულ წელს ველოსიპედი და სკეიტბორდი იყიდა.