ცირა ელისაშვილი: უხერხულია, შეაფასო ხელისუფლების არგუმენტები მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არ იციან, რა განსხვავებაა მერსა და გამგებელს შორის

1697

„ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ამით სახელმწიფომ უარი თქვა ქვეყნის ურბანულ განვითარებაზე. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სამი წლის წინ ამავე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით სწორი იყო და უკვირს, რატომ თქვა უარი ამავე ხელისუფლებამ საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაზე.

რამდენად სწორია მთავრობის გადაწყვეტილება, რამდენად დაუტოვა მან განვითარების შანსი გაუქმებისთვის განწირულ 7 თვითმმართველ ქალაქს, ცირა ელისაშვილი ამბობს:

-საკითხი ძალიან მარტივად დგას – სწორია თუ არა მთავრობის ეს გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მცდარია, იმიტომ, რომ ეს არ არის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, როცა ხელისუფლებამ გააკეთა იმის დაშვება, რომ არათუ ინარჩუნებს სტატუს კვოს ურბანული განვითარების თვალსაზრისით, არამედ, რატომღაც, იღებს გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ამ ქალაქების განვითარება უკუსვლით წავიდეს.

ეს არა მხოლოდ მცდარი, არამედ გასაკვირი გადაწყვეტილებაცაა, იმიტომ, რომ ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც სამი წლის წინ თავად მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაზრდილიყო და ახლა, რატომღაც, იღებს საპირისპირო გადაწყვეტილებას. უცნაურია, რომ ამას თანხების დაზოგვით ამართლებს, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ეს მცდარი გზაა.

ზოგადად, ურბანული განვითარება თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი, თავისი პასუხისმგებლობა, ქალაქს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი ურბანული პოლიტიკა განახორციელოს. მე ვერ ვხსნი, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ურბანისტების გარეშე, რომლებიც, თავის მხრივ, დაასაბუთებდნენ, რომ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილების ფონზე, ჩვენ ნამდვილად ვერ გადავდგამთ ნაბიჯს ქალაქური განვითარებისაკენ.

-ხელისუფლების არგუმენტი, ერთი მხრივ, თანხების დაზოგვის სურვილია და მეორე მხრივ, ორხელისუფლებიანობის მოსპობა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ქალაქის მართვა ევალება, ხოლო სათემო მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას – თემში შემავალი სოფლების. ორი თვეა, ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს, რამდენად რაციონალური არგუმენტები მოისმინეთ ხელისუფლებისგან?

-ძალიან უხერხულია, შეაფასო ეს არგუმენტები მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არ იციან, რა განსხვავებაა მერსა და გამგებელს შორის, რა პასუხისმგებლობები აქვთ მათ, რა გამიჯნული ურთიერთობები არსებობს… ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ სალექციო კურსია ჩასატარებელი თვითმმართველობის შესახებ მათთვის. რა თქმა უნდა, წონადი არგუმენტები ამ გადაწყვეტილების გასამყარებლად არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ ხარჯები მცირდება, ვერ იქნება იმის არგუმენტი, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ქალაქურ განვითარებაზე.

ზოგადად, სახელმწიფო განვითარება დაფუძნებულია თვითმმართველობაზე. თვითმმართველობის განვითარება ქალაქის ურბანული განვითარების გარეშე არ არსებობს. ანუ ჩვენ მოვსპეთ ის ბაზისი, საიდანაც, ზოგადად, სახელმწიფოებრივ განვითარებაზე უნდა გავიდეთ. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი და რომელიმე რგოლის ამოღება და, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება საბაზისო დონეს, განვითარებას აჩერებს – აჩერებს ეკონომიკურ განვითარებას, აჩერებს პოლიტიკურ განვითარებას, აჩერებს ადმინისტრაციულ განვითარებას და ა.შ.

რა არის თვითმმართველობა? ეს არის გადაწყვეტილების მიღება მმართველობის იმ დონეზე, რომელიც უფრო ახლოსაა მოსახლეობასთან და კონკრეტულ პრობლემასთან. ნებისმიერი პრობლემატიკა დგას თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. ცენტრალური ხელისუფლება, შესაძლოა, ძალიან შორს იყოს იმ პრობლემისგან, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზეა. თუ ჩვენ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას ვაუქმებთ, გამოდის, რომ ქალაქს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას ვართმევთ. ეს მიდგომა დღეს გავრცელდება ქალაქზე, ხვალ – სოფელზე, ზეგ – დაბაზე და ა.შ. ეს არ არის გზა, რომლითაც 21-ე საუკუნეში სახელმწიფომ, რომელიც ევროპულ ინტერესებისაკენაა მიმართული, უნდა იაროს. ეს არის ძალიან ცხადი აქსიომა, რომელსაც დამტკიცება და დასაბუთება არ სჭირდება. ამისათვის საჭირო იყო მხოლოდ ელემენტარული ანა-ბანის ცოდნა, თუ რას ნიშნავს ურბანული განვითარება და, აქედან გამომდინარე, ზოგადად, სახელმწიფოს განვითარება. გული მწყდება, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს ის ხელისუფლება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიიღო სწორი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველი ქალაქების რიცხვი გაზრდილიყო საქართველოში.