მდინარეები კახეთში, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის (ფოტო)

5358
მდინარე ლაგოდეხის ხევი

ღვარცოფული მდინარეები კახეთის რეგიონის მოსახლეობას პრობლემებს ყოველ წელს უქმნის. უხვი ნალექების შედეგად მდინარეები მუდმივად დიდდება და მიმდინარე ტერიტორიებს ტბორავს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

გარემოს დამცველებისა და სპეციალისტების შესწავლის საფუძველზე ლაგოდეხის ხევი ღვარცოფულ მდინარედ ითვლება, მას უკვე 4 წელია 1-ლი კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა დროულ მოგვარებას საჭიროებს.

მდინარე ლაგოდეხის ხევი

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მდინარე ლაგოდეხის ხევი დროულად არ გაიწმინდა და დამცავი ნაგებობები არ აშენდა, არსებობს საფრთხე, რომ ხევში მოვარდნილმა წყალმა ქალაქის ნაწილი წალეკოს.

მდინარე ლაგოდეხის ხევი, რომ გაწმენდას საჭიროებს ამის აუცილებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმდინარე წლის 11 აგვისტოს სტიქიამაც დაანახა. მაშინ, როცა რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, დამცავი ჯებირები გაარღვია და დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი მიწები.

ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე, ლაგოდეხის მერიაშიც საუბრობენ. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ მდინარე ლაგოდეხის ხევის გარდა საფრთხეს შრომის ხევიც ქმნის. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და 2019 წლის გაზაფხულიდან ორივე ხევზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

“თანხები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც ჩატარებულია. 2019 წლის გაზაფხულზე კი, ორივე ხევის გაწმნდა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. კონკრეტული თანხები გვეცოდინება მას შემდეგ, რაც პროექტები დასრულდება. თუმცა, დაახლოებით, 1 200 000 ლარია გამოყოფილი ლაგოდეხის ხევზე და 400 000 ლარია გამოყოფილი საპროექტო სამუშაოებისთვის შრომის ხევზე”, – ამბობს მდივნიშვილი

გეოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია ლაპარაკობენ, რომ ლაგოდეხის ხევის გარდა საშიშია ყვარელში ჩამავალი მდინარე დურუჯიც, რადგან, მდინარის კალაპოტი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე დასახლება. ამიტომ არის საშიშროება, რომ ადიდების შეთხვევაში დურუჯმა, ყვარლის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას.

მდინარე დურუჯი

აღნიშნულ პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც, თუმცა, ამბობენ, რომ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშიშროების მინიმუმამდე დაყვანას ითვალისწინებს.

დურუჯი სათავიდან მდინარე ალაზნამდე, დაახლოებით, 10 კილომეტრი სიგრძისაა, საიდანაც საფრთხეს, დაახლოებით, 6 კილომეტრზე ქმნის.

ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი კახი კაპანაძე ამბობს, რომ გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მისივე თქმით, საფრთხის შესამცირებლად სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

კახეთის რეგიონში საფრთხეს მხოლოდ მდინარე დურუჯი და ლაგოდეხის ხევი არ ქმნიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტ-ნაკლებად მდინარე რომელიც სათავეს მთაში იღებს საშიშია და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ეკოლოგები მთავრობას მოუწოდებენ, რომ საფრთხეების შესამცირებლად ტყეების ხელოვნურად განაშენიანების პროექტები განახორციელონ.