კამპანია “ნუ მოჭრი-მორთე“ გრძელდება

1538

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – “ნუ მოჭრი – მორთეს” აგრძელებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

ინიციატივა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან საახალწლოდ დეკორატიული დანიშნულებით გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. როგორც ნაძვი, ასევე, სოჭიც 150-300 წელს ცოცხლობენ.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.