სახელმწიფო ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოს” ტერიტორიას ხელახლა, 35 მილიონად ყიდის

762

სახელმწიფო ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოს” ტერიტორიას ხელახლა ყიდის და როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც ის სასტუმროს ასაშენებლადაა განკუთვნილი.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 8350.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ასევე, 11701.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ჯამში, ტერიტორია 20 633 კვ.მ-ს შეადგენს. აუქციონის საწყისი ფასი 35 000 000 ლარია, საგარანტიო თანხა კი 3 500 000 ლარს შეადგენს. ობიექტი სახელმწიფო პროექტის – “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში იყიდება.

“მიხაილოვის საავადმყოფოს” ტერიტორია პირველად 2015 წლის დასაწყისში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 მილიონ დოლარად შპს “აღმა”-ს გადაეცა. ინვესტორი ვალდებული იყო, აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამავე წლის ბოლოს კომპანიას ობიექტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოართვა.

ამის გამო “აღმა”-მ სააგენტოს 2017 წელს სასამართლოში უჩივლა, თუმცა, 2018 წელს პროცესი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა.

დადგენილი მოთხოვნების თანახმად, ამჯერადაც ტერიტორიაზე არანაკლებ 200-ნომერიანი სასტუმრო და არანაკლებ 100-ნომრიანი მრავალფუნქციური კომპლექსი არაუმეტეს 48 თვეში უნდა აშენდეს. სასტუმრო/მრავალფუნქციური კომპლექსი არ უნდა მოიცავდეს აპარტ ოტელს და საცხოვრებელ ფართებს.

ელექტრონულ  აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს ორ თვეში უნდა გადაიხადოს და არანაკლებ ასი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ვინაიდან საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს მისი განვითარების პროექტი უნდა შეთანხმდეს თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

გარდა ამისა, ვინაიდან ტერიტორიაზე განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვეში, შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ამ ძეგლების მოვლაპატრონობის შესახებ.

ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 9 იანვარს დასრულდება.